ქობულეთში LAP BLACK-ის ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

ქობულეთში LAP BLACK-ის ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

3 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში პროექტის „შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილების ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერება“ (LAP BLACK) ფარგლებში, ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში შემუშავებული და მიმდინარე წლის 29 ივლისს საკრებულოს მიერ განკარგულებით დამტკიცებული  ქობულეთის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ადგილობრივი სამოქმედო გეგმის (LAP) ტექნიკური ხარვეზების, უზუსტობებისა და ვიზუალური/ფორმატირების საკითხების განხილვა და შესაბამისი ცვლილებების შეთანხმება.

საბოლოო კორექტირებული ორენოვანი დოკუმენტი განმეორებით წარედგინება საკრებულოს და ასევე Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის საერთო სამდივნოს.

შეხვედრაზე მოხდა პროექტის მეორე ციფრული ბიულეტენის ქართული ვერსიის წარდგენა, გაგრძელდა დისკურსია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ძირითადი გამოწვევების, მუნიციპალიტეტის მოწყვლადი მიმართულებებისა და მათზე რეაგირების საუკეთესო გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ადაპტაციის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მომავალი წლების ბიუჯეტში ასახვის აუცილებლობას და ნაბიჯებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის კლიმატურ რისკებთან ადაპტაციას და გარემოსდაცვითი მდგრადობის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საჭიროებას, რაც პროექტით განსაზღვრულ რიგ ღონისძებებს მოიცავს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ადაპტაციის ჯგუფის წევრები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების წარმომადგენლები და პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტები.

აღსანიშნავია, რომ 3 სექტემბერს LAP ჯგუფის განმეორებით შეხვედრა Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის სამდივნოს რეკომენდაციით მოხდა და წარმოადგენდა სამუშაო პროცესის ფარგლებში ხელახლა ჩატარებულ შეხვედრას, რომლის მიზანიც იყო პროექტის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა და ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის მუშაობის სათანადოდ დოკუმენტირება.

LAP BLACK-ის ფარგლებში შემუშავებული ადგილობრივი ადაპტაციის გეგმა ეფუძნება საქართველოს 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგიასა და მის 2024–2025 წლების სამოქმედო გეგმას და მიზნად ისახავს ქობულეთის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობის გაძლიერებას, ადგილობრივი რესურსებისა და შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას და შესაბამისი ადაპტაციის ღონისძიებების დაგეგმვას.

შეხვედრის მონაწილეებმა ადგილზე გასვლით დაათვალიერეს პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილი – კლიმატურად მდგრადი მწვანე სივრცის – გელაურის პარკის მოწყობის სამუშაოები, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა.

„შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილების ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერება“ (LAP BLACK) პროექტი ევროკავშირისა და INTERREG NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის მიერ არის დაფინანსებული.

Skip to content