კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოების თავმჯდომარეებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებისთვის საჭირო ზომები და ინვესტიციები განიხილეს.
ქობულეთის, სამტრედიის, სენაკის, ხობის, აბაშის, ახმეტის,გორის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და თელავის თვითმმართველობების წარმომადგენლებმა იმსჯელეს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან ადამიანებისა და ეკონომიკის დასაცავად, შესაბამისი განათლების გასაუმჯობესებლად და საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად.
2019 წელს, საქართველომ მასშტაბური პროგრამა დაიწყო, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და კატასტროფათა რისკის შემცირებას ემსახურება. პროგრამა საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
პროგრამას აფინანსებენ კლიმატის მწვანე ფონდი და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თანამედროვე მექანიზმები, მათ შორის ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებისა და ადრეული შეტყობინების სისტემები უნდა დაინერგოს. ძირითადი სამუშაოები განხორციელდება საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში, სადაც კატასტროფათა რისკი განსაკუთრებით მაღალია. გარდა ამისა, გაიზრდება კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმირებულობა.
შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით ჩატარდა.