შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილების ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერება“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები საქარიის მეტროპოლიტენ მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

16–19 სექტემბერს პროექტის „შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილების ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერება“ (LAP BLACK) ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები თურქეთის რესპუბლიკაში, საქარიის მეტროპოლიტენ მუნიციპალიტეტში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

სასწავლო ვიზიტის (Study Visit) მიზანს წარმოადგენდა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის, მდგრადი ურბანული დაგეგმარებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის მიმართულებით პარტნიორი მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაცნობა და ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის პრაქტიკულად გამოყენებადი გამოცდილების გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დეტალურად შეისწავლეს ადაპაზარის პარკი, როგორც თანამედროვე, მდგრადი და საზოგადოებაზე ორიენტირებული ურბანული მწვანე სივრცის მაგალითი. ადგილზე დაათვალიერეს პარკის ინფრასტრუქტურა, ფუნქციური ზონები, გამწვანების პრინციპები და სივრცის ორგანიზების მიდგომები, ასევე იმსჯელეს მის დაგეგმვასთან, განხორციელებასა და შემდგომ მართვასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებზე.

ადაპაზარის პარკის შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის, რადგან LAP BLACK-ის ფარგლებში ქობულეთში, გელაურის დასახლებაში, კლიმატურად მდგრადი მწვანე პარკის შექმნა პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრაქტიკულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, საქარიაში მიღებული გამოცდილება შესაძლებლობას იძლევა, ადგილობრივი პროექტის განხორციელების პროცესში გათვალისწინებულ იქნეს პარტნიორი მუნიციპალიტეტის პრაქტიკული გამოცდილება და მიდგომები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქარიის მეტროპოლიტენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, რომლებმაც პარტნიორებს საკუთარი გამოცდილება და განხორციელების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები გაუზიარეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პრაქტიკულ საკითხებს, რომლებიც მუნიციპალური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისას წარმოიშობა, მათ შორის: ფინანსური დაგეგმვა, შესყიდვების პროცედურები, დოკუმენტაციის მართვა, პარტნიორებს შორის კოორდინაცია და პროექტების განხორციელების მონიტორინგი.

სასწავლო ვიზიტის მეორე დღეს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო სესიაში, რომლის ფარგლებშიც თითოეულმა პარტნიორმა პროექტის განხორციელების პროცესში არსებული კონკრეტული გამოწვევები, მიღებული გამოცდილება და მათი გადაჭრის გზები წარმოადგინა. აღნიშნულმა ფორმატმა პარტნიორებს ერთმანეთის გამოცდილების გაცვლისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების განხილვის შესაძლებლობა მისცა.

საქარიაში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე პროექტის ფარგლებში მომზადებულ ადგილობრივი კლიმატის ადაპტაციის გეგმას (LAP). ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა პარტნიორებს გაუზიარეს ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტში პროექტის მიმდინარეობის და ადგილობრივი ადაპტაციის გეგმაზე მუშაობის პროცესში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების შესახებ.

სასწავლო ვიზიტმა კიდევ ერთხელ მისცა შესაძლებლობა, პროექტის LAP BLACK პარტნიორებს ერთმანეთისგან არა მხოლოდ წარმატებული პრაქტიკები, არამედ რეალური სამუშაო პროცესის დროს წარმოქმნილი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებიც გაეზიარებინათ.

ევროკავშირისა და INTERREG NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის მიერ დაფინანსებული LAP BLACK-ის ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო თანამშრომლობა მიზნად ისახავს პარტნიორი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებას და კლიმატის ცვლილების გამოწვევებზე ერთობლივი, პრაქტიკული და მდგრადი გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებას.

Skip to content