ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო CARE SEA-ის კონფერენციაში, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას დაეთმო.
კონფერენციის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მონაწილეებს გააცნო მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტი LAP BLACK „შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილების ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერება“. გამოსვლისას ყურადღება გამახვილდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ კლიმატურ და გარემოსდაცვით გამოწვევებზე, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტისთვის წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია LAP BLACK-ის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოების, ადგილობრივი კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმისა და პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილის – გელაურის დასახლებაში, კლიმატურად მდგრადი მწვანე პარკის შექმნის შესახებ, რომელიც ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პრაქტიკული ღონისძიების ერთ-ერთ მაგალითად უნდა იქცეს.
CARE SEA-ისა და LAP BLACK-ის გამოცდილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები მუნიციპალიტეტებისგან მოითხოვს არა მხოლოდ ადგილობრივ ძალისხმევას, არამედ გამოცდილების გაზიარებას, პარტნიორულ თანამშრომლობასა და ერთობლივი გადაწყვეტილებების ძიებას.
კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი, კლიმატმედეგი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის საერთო მიზანს. სწორედ ამ საერთო მიზნის გარშემო თანამშრომლობა ქმნის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ დონეზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად გარდაიქმნას.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის კონფერენციის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და პარტნიორებს ინტერესისა და თანამშრომლობისთვის და იმედი გვაქვს, რომ მსგავსი პლატფორმები მომავალშიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას.
