ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საერთაშორისო პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის მეორე შეხვედრას უმასპინძლა.
LAP-BLACK „შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილებისთვის ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერება“ პროექტის ფარგლებში შეფასდა პროექტის ტექნიკური და ფინანსური პროგრესი, ადგილობრივი ადაპტაციის გეგმების შემუშავების ეტაპი და მდგრადი კლიმატური პარკების საინვესტიციო კომპონენტი. პარტნიორებმა წარმოადგინეს კლიმატური რისკების შეფასების შედეგები და განიხილეს ადაპტაციის პრიორიტეტული მიმართულებები.
ქობულეთში ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ძირითადი საფრთხეები — ძლიერი ნალექი და წყალდიდობები, სანაპიროს დატბორვა და სითბური ტალღები. ადაპტაციის ღონისძიებებს შორის განიხილება ბუნებაზე დაფუძნებული დრენაჟული სისტემები, სანაპირო ზოლის მართვის სტრატეგიები და ადრეული გაფრთხილების მექანიზმების განვითარება.
შეხვედრაში მონაწილეობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია რომანაძე, ასევე მერიის და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები: სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, საქარიას მეტროპოლიტენ მუნიციპალიტეტი, კავალას მუნიციპალიტეტი და უკრაინის ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრთა ასოციაცია.
ღონისძიების ფარგლებში პარტნიორები ე.წ. გელაურის დასახლებაში მიმდინარე მწვანე პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
პროექტი ევროკავშირის და Interreg NEXT შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
